ყოვლადწმიდა სამება

ყოვლადწმიდა სამება

Monday, May 16, 2016


საღმრთო განცხადება

ყველაფერი რასაც ვხედავთ ღმერთის შექმნილია ან ღმერთის შექმნილი ფიზიკური საგნისგანაა გაკეთებული ღმერთის მოცემული ძალებით. თვითონ შემქმნელი ანუ შემოქმედი უხილავია, რადგან ის სულია. ღმერთი სრულყოფილი, დაუსაბამო, უმაღლესი არსებაა, საწყისია ყოველივე არსებულის, ხილულისა და უხილავის; მარადიულია და უსასრულო, განუსაზღვრელია დროითა და სივრცით. ღმერთი თავს უცხადებს წმინდა ადამიანებს, რომლებსაც შეგვიძლია მივმართოთ ლოცვით. ჩვენ არაფერი გვეცოდინებოდა ღმერთზე, თვითონ მას რომ არ მოეცა ჩვენთვის საღმრთო განცხადება.
საღმრთო განცხადება ეწოდება იმ ცოდნას, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანს თავის შესახებ, რათა ადამიანმა შეძლოს ღმერთის ჭეშმარიტი თაყვანისცემა და ჰქონდეს სწორი, მართალი სარწმუნოება.
ღმერთი არის წმინდა სამება, ანუ სამპიროვანი: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი. მაგრამ ღმერთი სამი კი არ არის, არამედ სამი პირი - მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი შეადგენს ერთარსსა და განუყოფელ სამებას.
როგორც წმიდა მამები გვიხსნიან, როგორც მზისგან იბადება ნათელი და მომდინარეობს სითბო, ისე მამა ღმერთისგან იშვება ძე ღმერთი და გამომდინარეობს სულიწმინდა ღმერთი; როგორც მზე არ არსებობს ნათლისა და სითბოს გარეშე, ისე განუშორებელია მამა, ძე და სულიწმინდა; როგორც მზის დისკო, ნათელი და სითბო შეადგენენ მზეს, ისე მამა, ძე და სულიწმინდა არის ღმერთი.
თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი განუსაზღვრელი არსებაა და მისი ზუსტი დახასიათება რომელიმე საგანთან მიმსგავსებით შეუძლებელია. ღმერთი გონებით მიუწვდომელია და ენით გამოუთქმელი.